ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამ თარიღის აღსანიშნავად 2018 წლის 24 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გახსნის გამოფენას - ,,ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი". ღონისძიება ნაწილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წელს ატარებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები. გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართება ვარშავის უნივერსიტეტისქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალის -,,პრო გეორგიას" ახალი ნომრის პრეზენტაცია. ამავე დღეს, 16:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი უმასპინძლებს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ, პოლონურ-ქართული ისტორიკოსთა კომისიის მეორე საერთაშორისო კონფერენციას.