რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ახალი გალერეა გაიხსნა. პატარა მაღაზიის სივრცეში ყოველ თვე ახალი გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ შემთხვევით გამვლელსა თუ სპეციალურად მისულ დამთვალირებელს. "ხშირად მიწევდა აქ გავლა და შევამჩნიე, რომ ვიტრინებიანი პატარა სივრცეები ცარიელი იყო. მიწისქვეშას არცერთი ქართველი არ იყენებს, ყველა რათქმაუნდა ქუჩაზე გადარბის, ამიტომ ბევრმა არ იცოდა ამ ადგილის არსებობის შესახებ.",- ამბობს გალერეის დამფუძნებელი გვანცა ჯიშკარიანი.
საჯარო სივრცეში არსებული სოციალური, პოლიტიკური, კულტურული თუ სხვა სახის მესიჯები ყოველთვის იპყრობს საზოგადეობის ყურადღებას, მითუმეტეს თუ მესიჯი განსხვავებული, ესთეტიკურად დატვირთული ან თუნდაც პროვოკაციული გზით არის გადმოცემული. 70 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან დამაკავშირებული არხები საქართველოსთვის დახშული იყო. ის ნაბიჯები, რომლებიც საზღვარგარეთ უკვე გადაიდგა ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ჩვენ ისევ გასავლელი გვაქვს, ამიტომ გაუცხოება თანამედროვე ხელოვნების მიმართ გასაგებიცაა. "ყველაზე კარგი გზა რითაც შეიძლება თანამედროვე ხელოვნება უფრო მიღებადი გახადო არის ის, რომ გახადო უფრო საჯარო. ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი ელემენტი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების და წინსვლის არის ესთეტიკური ღირებულებები.",- ჰყვება გვანცა.
პატარა გალერეა გვეხმარება უკეთ გავეცნოთ ქართულსა და უცხოურ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს. გამოფენისას არტისტს სრული თავისუფლება ეძლევა, რადგან პატარა გალერეა არის ადგილი ექსპერიმენტებისთვის. ერთადერთი წესი, რომელიც გალერას აქვს არის: "ცოტათი მეტი, ცოტათი შორს". "ძალიან გვინდა სოციალური, პოლიტიკური, თუნდაც პროვოკაციული ან ვიზუალურად ძალიან ძლიერი ნამუშევრების იდეებიც ვიხილოთ, რადგან ადგილი, სადაც პატარა გალერეა მდებარეობს, ამ თემებისთვის იდეალურია. გვსურს არტისტებმა ბოლომდე გამოიყენონ ის თავისუფლება, რომელსაც ვთავაზობთ.",- ჰყვება საგამოფენო სივრცის იდეის ავტორი და დამფუძნებელი.
თათა ბერაძე