"ბროდსკი/ბარიშნიკოვი" - მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე (სპექტაკლის განხილვა)

           "ბროდსკი/ბარიშნიკოვი"- ასე ჰქვია სპექტაკლს სადაც მხოლოდ ერთი მსახიობი თამაშობს. ეს მსახიობი ლეგენდარული ბალერონი და ბალეტმეისტერი მიხაილ ბარიშნიკოვია . მიხაილი ინტელექტულური მოძრაობის დიდოსტატია. მან უდიდესი წვლილი შეიტანა არამხოლოდ ბალეტის, არამედ ზოგადად თანამედროვე ცეკვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. 13 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრში დახურული ჩვენება გაიმართა გასაოცარი სპექტაკლისა სახელად "ბროდსკი/ბარიშნიკოვი"( ხოლო 14,15 და 16 სექტემბერს წარმოდგენაზე დასწრება ყველას შეეძლება). ბარიშნიკოვის ღვთაებრივი პლასტიკა და მოძრაობის საოცარი ფორმები შეერწყა დიდი რუსი პოეტის იოსებ ბროდსკის (რომლის პოეზია, მოიცავს არაერთ საინტერესო თემას და ადამიანის შინაგან სამყაროს, მის სულიერ მდგომარეობას გენიალურად წარმოაჩენს) ფილოსოფიურ ლექსებს.

 

          დადგმის იდეა და სპექტაკლის რეჟისურა ცნობილ ლატვიელ რეჟისორს: ალვისს ჰერმანისს ეკუთვნის (იგი "რიგის ახალ თეატრში" მოღვაწეობს, რომელიც 1992 წელს ჩამოყალიბდა და ალვისი სწორედ ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ 1997 წლიდან), ხოლო სცენოგრაფი - კრისტინე იურიანეა. სცენაზე ლამაზი ოთკუთხედი ოთახის მსგავსი ნაგებობა (დეკორაცია, რომელიც მოგაგონებდათ 19-ე საუკუნის რუსული არისტოკრატული სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს) აღმართულიყო. ნაგებობასთან პატარა ეზოს სკამი იდგა, შუშაბანდის თავზე კი ორი პატარა ანგელოზის ქანდაკება იჭერდა ჭერს ხელებით. ერთ-ერთი ანგელოზის ფეხქვეშ ვინტაჟური ელექტროგამანაწილებელი ფარი ეკიდა (რომელმაც სპექტაკლის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ძლიერი ნაპერწკლები გადმოაყარა. ეს ცოტათი საშიში და მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო სანახავი იყო). სცენაზე შეამჩნევდით ასევე ძველებურ რადიოს საიდანაც პერიოდულად  ბროდსკის ხმა გამოდიოდა, რომელიც თითქოს ეჯიბრებოდა ბარიშნიკოვს( უნდა აღინიშნოს, რომ მიხაილს არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი აქვს) თავისი ლექსების კითხვაში. ბარიშნიკოვი ბროდსკის ლექსებს ისეთი გრძნობით კითხულობდა იფიქრებდით მისი დაწერილიაო. იგი შედიოდა პოეტის გონებაში და მის აზრებს გენიალურად და არტისტულად აფრქვევდა. ბროდსკის სტრიქონებში თქვენ იპოვით ადამიანის ჭიდილს სიკვდილთან და საუბრებს ღმერთთან, როგორც უზენაეს არსებასთან.

 

           მიხაილმა თავისებურად ლექსის ლამაზ წარმოთქმასთან ერთად, ეს ლექსები და სტრიქონები მოძრაობაშიც განასახიერა. ამის საოცარი მაგალითი იყო ის მომენტი, როდესაც მან ერთ-ერთ თეთრი ფერის სკამს მოკიდა ხელი, შემოატრიალა (სკამის საზურგეს თითქოს ციხის საკნის გისოსების ფორმა ჰქონდა) და ტანჯული პატიმარივით ცდილობდა, განთავისუფლებულიყო ტყვეობიდან. ეს პოეტის ტყვეობაა. ბევრი პოეტი ცდილობს განთავისუფლდეს ტანჯვისგან და სიკვდილისგან თავისი პოეზიის საშუალებით (მაგალითად: ტერენტი გრანელი, გალაქტიონ ტაბიძე, ედგარ ალან პო და  სხ.).

 

          თქვენ ნახავდით ისტორიულ ქრონოლოგიას. ბარიშნიკოვი დადგა ამავე სკამზე და ჯერ დამანგრეველი ნაცისტური გერმანიის სალუტი უჩვენა მაყურებელს, ხოლო შემდეგ კომუნისტური ამხანაგური მისალმებით აჩვენა კომუნიზმის მიმართ სარკაზმი. სპექტაკლი პოლიტიკურ იდეებსაც ატარებდა და ამ იდეების იდეალური ჩვენება, ისეთი გენიოსის გარეშე, როგორც მიხაილ ბარიშნიკოვია შეუძლებელია გადმოსცე, ასეთი მოქნილი ცეკვით და სულის მოძრაობით . ეს აგონიური ცეკვები სიკვდილთან ბრძოლის გამოხატულება იყო, ნეგატიური და ბნელი სამყაროდან გაქცევის სურვილი. როგორც პოეტი (ბროდსკი, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა. ისეთი ატმოსფერო შეიქმნა იფიქრებდით, რომ იგი ჩვენს შორის იყო), ისევე მსახიობი(ბარიშნიკოვი) გაექცნენ ბოროტებას და დაამარცხეს იგი ამ ლამაზი და დაუვიწყარი წარმოდგენით. ეს უკვდავების მოპოვების წარმატებული მცდელობაა. მიხაილი თბილად დაემშვიდობა გულშემატკივრებსა და იმ ადამიანებს ვინც ის სცენაზე, მათ თვალწინ პირველად დაინახა( მათ შორის მეც). სტატიას ბროდსკის გენიალური ლექსის „В тот вечер возле нашего огня... (1962წელი) ნაწყვეტით დავასრულებ:

 

 Как будто был он чей-то негатив.

Зачем же он, свой бег остановив,

меж нами оставался до утра?

Зачем не отходил он от костра?

Зачем он черным воздухом дышал?

Зачем во тьме он сучьями шуршал?

Зачем струил он черный свет из глаз? 

 

Он всадника искал себе средь нас. 

 

სტატიის ავტორი: რატი ონიანი

მსგავსი ღონისძიებები
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ყველასათვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებს - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით სთავაზობს.
თეატრი
7 დეკემბერს 20:00 საათზე სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდნეთ სპექტაკლს სამშობლო.
თეატრი
აღიარებული პოლონელი დრამატურგის პიესა ტადეუშ სლობოდზიანეკის "ჩვენი კლასი" ანტისემიტურ თემატიკას ეხება
თეატრი
პინოკიო ძალიან ცელქი და ონავარი ბიჭუნაა. მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, რადგან პინოკიოს ყოველ დღე თან სდევს ხიფათი.
თეატრი
კვირის ღონისძიებები