ქსნის 12 ნომერში შეგიძლიათ გიორგი შავგულიძის სახელობის დამოუკიდებელ თეატრ "სახიობას" ესტუმროთ. გიორგი შავგულიძე (1910-1959) საქართველოს სახალხო არტისტი და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "ქეთო და კოტე", 'ჭრიჭინა" და სხვა.
სახიობა — ძველი ქართული სახილველის (თეატრის) ერთ-ერთი სახეობა. თეატრი გია კახელის ინიციატივით 1967 წელს დაარსდა და შემდეგ მანვე გადაწყვიტა "სახიობა" ქსნის 12 ნომერში გადმოეტანა. როგორც მსახიობები აღნიშნავენ, თეატრი მთლიანად მისი ხელით არის გაკეთებული. ამჟამად სამსახიობო დასი მცირე ზომის დარბაზში თამაშობს, თუმცა მძიმე პირობებში მუშაობის მიუხედავად, დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს. სამომავლოდ აპირებენ 5 სპექტაკლის დადგმას, სურთ გააკეთონ დიდი რეპერტუარი, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და გეგმავენ მოიარონ სხვადასხვა სოფლები.
17 მაისს სამსახიობო დასი მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგა სახელწოდებით - "შენსკენ სავალი გზები". პიესის ავტორი ლაშა თაბუკაშვილია და "სახიობას" სცენაზე გია კახელის რეჟისორობით დაიდგა. სპექტაკლში ოთხი მსახიობი მონაწილეობს. "საოცრად კარგი პიესაა, 1985 წელს დაიწერა, მაგრამ დღესაც საკმაოდ აქტუალურია. რაც შეეხება ჩემს როლს, მე ვთამაშობ ირინკას, გოგონას, რომელიც გაექცა სიყვარულს თავისუფლების გამო" ,- ჰყვება ერთ-ერთი მსახიობი შორენა ზუბიაშვილი. მათ რეპერტუარში ლაშა თაბუკაშვილის პიესა რიგით მეცამეტეა.
სპექტაკლზე დასწრება 18 და 20 მაისსაც შესაძლებელია.