7 ივლისს, შაბათს, 17:00 სთ-ზე, მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გაიმართება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს (15 წლიდან ზემოთ) შეეძლება მონაწილეობის მიღება.
თამაშის პრინციპი: მონაწილეები შედიან აღნიშნულ ლოკაციაზე და ეძებენ მინიშნებებს, ხსნიან თავსატეხებს, რათა გამოიცნონ რვა რიცხვითი კომბინაცია. ამ რიცხვების დახმარებით უნდა იპოვონ ასოები წიგნში („მეცხრე ფლიგელი“), შეადგინონ სიტყვა-გასაღები და ჩანაცვლებადი შიფრით გაშიფრონ ფარული წერილი, რომელიც მოცემულია წიგნშივე.
ჩანაცვლებადი შიფრის პრინციპი: ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ ალგორითმს, რომელშიც ხდება ღია ტექსტში ინფორმაციის ერთეულების ჩანაცვლება შესაბამისი შიფროტექსტით. ჩანაცვლებად შიფრში პოზიციები უცვლელი რჩება, სიმბოლოები იცვლება.ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს ანბანურ ცხრილს - წინასწარ განსაზღვრული წესით ჩამოწერილ ანბანის სიმბოლოებს ანუ ჩანაცვლების ანბანს. ირჩევენ კოდურ სიტყვას, რომელშიც სიმბოლოები არ მეორდება, და ბოლოში მიაწერენ ანბანის დანარჩენ სიმბოლოებს, რომლებიც ამ კოდურ სიტყვაში არაა.
რა დასჭირდება მოთამაშეს: წიგნი „მეცხრე ფლიგელი“; კალამი, ბლოკნოტი, ფარანი.ჩაიცვით მოხერხებულად, სპორტულად.
როგორ მოვიდეთ: ნაგებობა მდებარეობს ნუცუბიძის მეოთხე პლატოში. ფერმწერთა ქუჩა # 137. იქვეა ბოლო გაჩერება და სუბარუს ცენტრი. იხილეთ ლოკაცია.
ტრანსპორტი: სადგურის მოედნიდან გამოდის ავტობუსი # 29 და ბოლო გაჩერება არის ლოკაციიდან 20-30 მეტრში (იხილეთ ჯიპიეს კოორდინატები და ვიდეო).
პრიზი: მას, ვინც პირველი გაშიფრავს გზავნილს, საჩუქრად გადაეცემა „ბიბლუსის“ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. თამაშს გაუძღვება თავად წიგნის ავტორი, მწერალი თეა ინასარიძე.