ექსპოზიცია პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა ცენტრში

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო სივრცე მოაწყო, რომელიც ტურისტების ინფორმირებას ემსახურება და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.

ექსპოზიცია ორ სივრცედ არის დაყოფილი. პირველი სივრცე ასახავს საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს. აქ დამთვალიერებელი იხილავს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფოტოგალერეას და გაეცნობა ინფორმაციას თითოეული ფოტოს შესახებ. ამ სივრცეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა, რომელთანაც დამონტაჟებულია ინტერაქტიული მონიტორები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. მათში შეტანილია ბუნების ძეგლების გავრცელების რუკები, ფოტოები და ცნობები.

მეორე საგამოფენო დარბაზი, ეთმობა იმერეთის მღვიმეების ბუნების კომპლექსს, მის ბიომრავალფეროვნებას - უნიკალურ კარსტულ ლანდშაფტებსა და მღვიმეებს, რომელთა დარბაზები მდიდარია სხვადასხვა ნაღვენთი ფორმებით, გვირაბებით, მიწისქვეშა მდინარეებითა და ტბებით. ექსპოზიციის დიდი ნაწილი ეთმობა იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და უნიკალური ძეგლს - პრომეთეს მღვიმეს - მისი თავისებურებებით, ნაღვენთი ფორმებით, ფლორითა და ფაუნით და აღმოჩენის ისტორიით. ვიზიტორთა ყურადღებას მიიპყრობს კარსტული მღვიმის დიორამა/მაკეტი, რომელიც მღვიმის ფორმების მიხედვით არის შექმნილი.

ექსპოზიციის ბოლოს დამთვალიერებელი გაეცნობა მღვიმეს, როგორც ადამიანის საცხოვრებელსა და თავშესაფარს. აქ მოცემულია ინფორმაცია იმერეთის მღვიმეებში აღმოჩენილი ზედაპალეოლითელი ადამიანის ცხოვრების კვალის შესახებ. ვიზიტორი იხილავს წყალტუბოს ტერიტორიის მღვიმეებში აღმოჩენილ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდებში დაცულ ქვისა და ძვლის მრავალფუნქციურ იარაღებს, ცხოველის კბილებსა და ნიჟარებზე დამზადებულ სამკაულებს, კვირისტავებსა და მღვიმური დათვის თავის ქალის ასლებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია წყალტუბოს მიდამოებში მოპოვებული ნახევრადძვირფასი მინერალები, ნამარხი ფაუნა და ცარცული პერიოდის ზღვის უხერხემლო ცხოველების ნაშთები.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობით განახორციელა. აღნიშნული სტრუქტურების ეს უკვე მეორე პროექტია - 2015 წელს გაიხსნა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი.

მსგავსი ღონისძიებები
შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“-ს  გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა
წარმოგიდგენთ პირველ ქუჩის მარკეტს, სავაჭრო სივრცეს ღია ცის ქვეშ საუკეთესო ქართული პროდუქტების შესაძენად და რაიმე ახლის აღმოსაჩენად.
გამოფენა
გამოფენის ფარგლებში გალერეაში წარმოდგენილი იქნება საშობაო და საახალწლო თემატიკაზე ტრადიციული მეთოდით დამზადემული მინანქრის უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები