თბილისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო განათება

 

დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად უმასპინძლებს.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს ქართული მანებით, სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით მოირთვება.ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა საციგურაო მოედანი, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება უფასო.

 

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას გორის ქალთა გუნდი, ყველასათვის საყვარელი სიმღერით „შედრიკ“ გახსნის და, ასევე, მათთან ერთად იმღერებენ გორის, ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის ბავშვები, რომლებიც საახალწლო პოპურს შეასრულებენ. 

გარდა ამისა, დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. აქვე იქნება კიდევ ერთი საციგურაო მოედანი და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. ტერიტორიაზე მოეწყობა სახელოსნოები, ატრაქციონები, სპორტული სივრცე, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი ყოველ დღე, 31 რიცხვის გარდა, 21:00-დან 00:00 საათამდე სხვადასხვა DJ-ები და არტისტები დაუკრავენ. გაიმართება საბავშვო კონცერტები და განთავსება კვებითი ობიექტებიც.

"წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორიც. ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სკვერებისა და პარკების მორთვაში მონაწილეობას კერძო კომპანიები მიიღებენ. გარდა ამისა დედაქალაქის ათივე რაიონში საახალწლო განწყობის შექმნაზე გამგეობები იზრუნებენ", - აცხადებენ მერიაში. 

მათი ცნობით, გალა კონცერტების რეჟისორები დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან, მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია.

 

 

მსგავსი ღონისძიებები
დისკო წვეულება - ჩაიცვი რამე ფერადი
სხვა ივენთები
წიგნი ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს
სხვა ივენთები
აქცია-კონცერტის მიზანია კლასიკური მუსიკის, კერძოდ, ი.ს. ბახის შემოქმედების პოპულარიზაცია
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები