მამუკა ცეცხლაძის ნამუშევრების გამოფენა "Seychelles"

    თემო დოლიძე წარმოგიდგენთ მამუკა ცეცხლაძის ნამუშევრების გამოფენას "Seychelles" გამოფენა.

 ფერწერამ მამუკა ცეცხლაძე ბავშვობიდანვე გაიტაცა. ხშირად დადიოდა მუზეუმებში და აკვირდებოდა ტექნიკას, რომლითაც შექმნილი იყო ესა თუ ის ნამუშევარი. სკოლის დასრულების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა  – თეატრის მხატვრის სპეციალობაზე, თუმცა მალევე მიხვდა, რომ თეატრალური დეკორაციები ნაკლებად აინტერესებდა და ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სადიპლომო ნამუშევარში „სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში”, აღმოსავლური და დასავლური კულტურების გადაკვეთის ფონზე, სულხან-საბას ცხოვრების ეპიზოდები ასახა. ამ ნამუშევარზე მამუკა ცეცხლაძე სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე მდებარე სახელოსნოში მუშაობდა. მუშაობის პროცესში მას ხშირად აკითხავდნენ ძმა ნიკო ცეცხლაძე და მეგობრები ოლეგ ტიმჩენკო და მამუკა ჯაფარიძე. თავდაპირველად ყავას სვამდნენ და ხელოვნებაზე საუბრობდნენ, შემდეგ კი მამუკასთან ერთად ხატვაც დაიწყეს. ასე შეიქმნა ცნობილი არტ-ჯგუფი „მე-10 სართული”, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ახალი, იმდროინდელი საბჭოთა რეალობისთვის უცხო და ხშირად მიუღებელი გამოფენებით და აქციებით შემოიჭრა. მამუკა ცეცხლაძის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეტაპი მარჯანიშვილის თეატრში მდებარე სახელოსნოსაც უკავშირდება, რომელიც მას და მის მეგობრებს დეკორაციების შექმნის სანაცვლოდ გადაეცათ. როგორც მხატვარი ამბობს, ეს იყო თვითგამორკვევის, საკუთარ თავზე მუშაობის, ბევრი სწავლის და დახვეწის პერიოდი.

 

 

მამუკა ცეცხლაძის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილუსტრაციები, რომლებიც ლევან გველესიანის წიგნისთვის – „მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს” – შეიქმნა. ფერმწერი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ტექსტზე, არჩევდა სცენებს და საბოლოოდ 110 ნამუშევარი წარმოადგინა, რომელთაგან 90 გამოქვეყნდა კიდეც. მამუკასთვის „ვეფხისტყაოსანი” ის სასურველი ფილმია, რომლის დამდგმელ მხატვრადაც სიამოვნებით იმუშავებდა. 

 

 

მამუკა ცეცხლაძის საყვარელი მხატვრები რემბრანდტი, ელ გრეკო და ველასკესი არიან. მიაჩნია, რომ საკუთარი ფერწერით მათ ტრადიციებს აგრძელებს. როდესაც ტილო „სადგურები” შექმნა, კლოდ მონესაც კი შეადარეს. ფრანგი ფერმწერის ნახატზე The Saint-Lazare Station ხომ სწორედ ის სადგურია გამოსახული, რომელიც მამუკას ტილოზე, თუმცა, რასაკვირველია, დროის სხვა პერიოდში. ცნობილ მხატვრებთან შედარება სიამოვნებს, ნებისმიერი პიროვნების აზრი მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მუშაობისას მთავარია განწყობა და ემოცია, რომელსაც ნამუშევარში დებს. მნიშვნელოვანია ფუნჯის ხმა, რომელიც აუცილებლად უნდა ესმოდეს. ამის გამო, ხატვის დროს მის სახელოსნოში მუსიკას ვერასდროს გაიგებთ. 

 

 

მხატვრის ტილოები მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. ახალ გალერეაში გახსნილი ექსპოზიცია კი მამუკასთვის რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენაა. თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს მისი ნახვის საშუალება 15 ნოემბრამდე ექნებათ. 

 

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია

მ.კოსტავას 59 /ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა/

გალერეა მუშაობს ყოველდღე (კვირის გარდა) 12-დან 7 საათამდე გამოფენა გრძელდება 30 ივნისამდე

მსგავსი ღონისძიებები
24 ნოემბერს 20:00 საათზე გალერეა ”სფუმატო”-ში გაიხსნება რამაზ ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა, გაგრძელდება 1 კვირა, დასწრება თავისუფალია!
გამოფენა
ფოტოგამოფენის ორგანიზატორები: საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“.
გამოფენა
#მოდიღამემუზეუმში
გამოფენა
თქვენ საშუალება გექნებათ  დაათვალიეროთ გაზეთზე შესრულებული ნამუშევრების ახალი სერია, რომელიც ერთი იდეით არის შეკრული.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები