სამშაბათს, 16 იანვარს, საღამოს 6 საათზე, მწერალთა სახლში, გაიმართება პრეზენტაცია წიგნისა "ოდინის შვილები".
“ოდინის შვილები” 35 თავისგან შემდგარი ნაწარმოებია, რომელიც სკანდინავიელი ღმერთებისა და ქალღმერთების საქმეების შესახებ გვამცნობს. წინამდებარე ნამუშევრის დახმარებით, მკითხველი იმ დროში იმოგზაურებს, როდესაც ღმერთები ასგარდში ყველაზე მაღალ მთაზე ცხოვრობდნენ და ადამიანთა შორისაც დაიარებოდნენ.
“ოდინის შვილები” მოგვითხრობს, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ იშვნენ ამ სამყაროში ღმერთები, გოლიათები, ადამიანები და სხვა ქმნილებები. გაიგებთ, თუ როგორ გასწირა ოდინმა მარჯვენა თვალი სიბრძნის მიღების სანაცვლოდ, როგორ დაადუღეს ჯუჯებმა მაგიური თაფლუჭი, როგორ დაწყევლა ჯუჯა ანდვარიმ ოქროს ბეჭედი და რა დაემართათ ამ ბეჭდის მფლობელებს; გაეცნობით მიოლნირის მპყრობელი თორის თავს გადამხდარ გასაოცარ თავგადასავლებს და ცბიერი ლოკის კეთილი და ავი საქმეების შესახებაც შეიტყობთ; გაიგებთ, როგორ და რატომ მოუკლა ლოკიმ უძველეს ღმერთს საყვარელი ვაჟი ბალდური.
წინამდებარე ნამუშევარი განკუთვნილია, სკანდინავიური მითოლოგიით დაინტერესებული, ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის.
დასწრება თავისუფალია.