ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "თიბისი ბანკის" და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით, მხატვრის 30 ნამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა. გამოფენა 30 ნოემბერს გაიხსნა და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პეტრე ოცხელის უნიკალური, საეტაპო ნამუშევრების გადარჩენასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.
აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველადაა წარმოდგენილი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ოცხელის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტიუმის ესკიზებს, სტუდენტობის
პერიოდში შესრულებულ ნატურმორტს, სამუშაო ჩანახატებს ქართული ცეკვებისათვის და მის სხვა, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ნამუშევრებს.
რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად, თიბისი გალერეა საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცულ პეტრე ოცხელის სხვა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. მათ შორის აღსანიშნავია ოცხელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი "ფრთოსანი მღებავი", რომელიც ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ეკუთვნის და მხოლოდ ორჯერ დატოვა მუზეუმის საგამოფენო სივრცე, ერთხელ პარიზში და მეორედ ლონდონში გამართულ გამოფენებზე.
გარდა ამისა, "თიბისი ბანკის" ინიციატივით, პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიზაციისათვის პროექტ 12-ის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია მომზადდა. ურბანული არტი, დიჯითალ-არტი, ანიმაცია, ნეონი, კომიქსები, 3D არტი, ხელნაკეთი სამკაულები და მუსიკა - ამ მიმართულებებში თანამედროვე არტისტებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომელთა პრეზენტაცია ფართო საზოგადოების წინაშე 6 დეკემბერს გაიმართება.
რესტავრაციის პროცესი სრულად დაფინანსდა თიბისი ბანკის მიერ. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა განმარტა, გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებს შორის ხელოვნების პოპულარიზაციაა.
ნინა ახვლედიანი, "თიბისი ბანკის" სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: "პეტრე ოცხელი - მუდმივად თანამედროვე" - ამ გამოფენის ფარგლებში ვგეგმავთ საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელსაც სკოლებს შევთავაზებთ. საერთოდ, როდესაც "თიბისი ბანკი" მხარს უჭერს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, ყოველთვის ვცდილობთ, პარალელურად შევიმუშავოთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებიც, რათა ხელოვნებისადმი ინტერესი მომავალ თაობაში კიდევ უფრო გაიზარდოს".
ექსპოზიციაზე მისულ მოსწავლეებს საინტერესო სიახლე ელოდებათ - ისინი სპეციალურად მათთვის გამართულ ვირტუალური რეალობის სივრცეში შეძლებენ ოცხელის ნამუშევრების ინსპირაციით 3D ფორმატში დახატონ.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლის რესტავრატორები მუშაობის პროცესში მნიშვნელოვან სიახლეს წააწყდნენ - რამდენიმე ნამუშევრის რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს დამალული ნამუშევრები, რომლებიც ნახატების უკანა მხარეს, მუყაოზე იყო დაკრული.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: "ექვსი თვის განმავლობაში თიბისი ბანკმა დააფინანსა სარესტავრაციო პროცესი, რომელიც გადაუდებელი იყო ამ უნიკალური ნამუშევრებისათვის. ჩვენ მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი: პირველი, რომ ნამუშევრები აღდგენილია და მეორე, რომ რესტავრაციის შედეგად გამოჩნდა ნახატების აქამდე დაფარული ნაწილი, რომელიც მუყაოზე იყო დაკრული. ამდენად, დამთვალიერებელს საშუალება აქვს, განახლებული შედევრები ნახოს".
აღსანიშნავია, რომ გამოფენა თიბისი ბანკის 25 წლის იუბილეს დაემთხვა და როგორც ბანკის პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს ქართველი საზოგადოებისადმი და ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საჩუქარია.
მამუკა ხაზარაძე, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ არაჩვეულებრივი მხატვრის და მოაზროვნის აღდგენილ გამოფენას, რომელიც დავამთხვიეთ თიბისი ბანკის 25 წლის იუბილეს. ეს ჩვენი საჩუქარია თითოეული თქვენგანისათვის, ქართული ხელოვნებისათვის და სრულიად საქართველოსათვის. სამომავლოდ ვაპირებთ, გამოვუშვათ საკმაოდ მრავლისმომცველი კატალოგი და ასევე ვგეგმავთ გამოფენის უცხოეთში გატანასაც, რამდენადაც მის ფარგლებში წარმოდგენილია უნიკალური მოდერნისტი მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც იმდენად თანამედროვეა, რომ თითქოს დღესაა შექმნილი".
გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა თიბისი ბანკს აღნიშნული პროექტისათვის და აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს და ბანკის ერთობლივი მოღვაწეობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. "მთელი სამუშაო ქართული სარესტავრაციო სკოლის მიერაა შესრულებული. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული. ყველას ვულოცავ ასეთი პროფესიული პოტენციალის ქონას საქართველოში", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
პეტრე ოცხელის შემოქმედება ქართული მოდერნიზმის თვალსაჩინო ნიმუშია. იგი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც 2016 წელს მსოფლიოში უდიდესი ვირტუალური ასოციაციის, Google-ის არტისა და კულტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსდა. აქ მისი პროგრესული იდეებით აღსავსე ნახატების ხილვა მსოფლიოს საუკეთესო მხატვრების შედევრების გვერდითაა შესაძლებელი.
პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში, კომერსანტის ოჯახში. 1925 წელს პეტრემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
პირველი სპექტაკლი, რომელიც პეტრემ გააფორმა, იყო ანატოლი ლუნაჩარსკის პიესა "ცეცხლის გამჩაღებლები", რომელიც მუშათა თეატრში დაიდგა 1927 წელს. კოტე მარჯანიშვილი დაინტერესდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტის - პ. ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლით. რეჟისორმა იმთავითვე ამოიკითხა მხატვრის ნიჭი.
1937 წელს პეტრე ოცხელმა გააფორმა რეჟისორ ლ. ესაკიას კინოფილმი "ფრთოსანი მღებავი". 1937 წელს კონსტანტინე სტანისლავსკიმ გადაწყვიტა ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" დადგმა. გამოცხადდა კონკურსი სპექტაკლის გაფორმებაზე, კონკურსში ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა, თუმცა დადგმა განუხორციელებელი დარჩა. ასევე არ დადგმულა პ. ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლები: "ყაჩაღები" (1932 წ.); "სპარტაკი" (1933 წ.); და "სამანიშვილის დედინაცვალი" (1933 წ.);
პეტრე ოცხელის ინდივიდუალური ხედვა და შემოქმედება მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოური რეჟიმისათვის. 1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა. ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა, თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო - 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს.
ბედისა დუმბაძე