რატომ ჩაიშალა კრის რის კონცერტი თბილისში და რა ბედი ელის გაყიდულ ბილეთებს?

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა ლეგენდარული მუსიკოსი კრის რი, რომელმაც ოქსფორდში, პირდაპირ სცენაზე მიიღო გულის შეტევა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, 66 წლის მუსიკოსის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ფაქტმა მომღერლის ქართველი ფანები, არამხოლოდ მისი ჯანმრთელობის გამო შეაშფოთა - დეკემბრის ბოლოს მუსიკოსის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტიც ჩაიშალა. საქართველოს გარდა კონცერტები გადაიდო დიდი ბრიტანეთის ორ ქალაქში. მედიის ცნობით, 66 წლის მომღერალს მსგავსი შეტევა 2016-შიც ქონდა, რის შემდეგაც სიგარეტის მოწევას დაანება თავი. 

 

კრის რი, თავისი გამორჩეული ხმით და შესრულების მანერით 1980-იანი წლებიდან პოპულარულია. ბრიტანული ტოპ ათეულის ლიდერი 1979 წელს გრემის მფლობელი გახდა ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი". გაყიდულია მისი 30 მილიონამდე ალბომი. 1979 წელს კი ჰიტი "Fool (If You Think It's Over)" ამერიკაში, საუკეთესო სიმღერების ასეულში პირველ ადგილს იკავებდა. 

 

 

2001 წელს კრის რის პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯამრთელობის პრობლემების მიუხედავად მომღერალმა მოღვაწეობა მაინც განაგრძო. 2001 წელს, როცა მედია მისი ავადმყოფობის შესახებ ალაპარაკდა, მომღერალმა გულახდილად ისაუბრა: "როდესაც შენი მდგომარეობა უკვე უკიდურესობამდეა და სიკვდილის პირას ხარ, მაშინ ფიქრობ, რომ ასეთი ყოფა ვერ წარმოგედგინა დასაწყისში. ყველაფერი რაც გიკეთებია, უეცრად გენგრევა და იწყებ ფიქრს - რისთვის გაიარე შენი შემოქმედებით გზა?!" 

 

მიუხედავად დეპრესიული პერიოდისა, მომღერალს მუდმივად სურდა სცენაზე დაბრუნება. შემოთავაზებები ხმის ჩამწერი სტუდიებიდან არ წყდებოდა. კრის რი სცენაზე დაბრუნდა და კვლავ განაგრძო შემოქმედებით მოღვაწეობა. ოქტომბრიდან მოყოლებული ოქსფორდში გამართული კონცერტი მისთვის 35-ე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კრის რი თავს სტაბილურად გრძნობს, მის ოფიციალური წარმომადგენლობა ვერ ამბობს, როდის შეძლებს მომღერალი სცენაზე გამოსვლას. 

 

 

 

"30 დეკემბრისთვის, კრის რის კონცერტზე მე და ჩემს მეუღლეს ბილეთები გვქონდა აღებული, თუმცა სამწუხაროდ მომღერალი აღარ ჩამოდის საქართველოში, ჩვენ 100 ლარი გადავიხადეთ თითო ბილეთში და გადახდილ თანხას როდის დაგვიბრუნებენ არ ვიცით..." - გვეუბნება მუსიკოსის ქართველი ფანი ქეთი მგელაძე, რომელიც წინასაახალწლოდ ბრიტანელი პოპისა და როკ-მუსიკის შემსრულებლის თბილისურ კონცერტზე გეგმავდა წასვლას.

 

კონცერტების ჩაშლის შემთხვევები, საქართველოშიც და მსოფლიოშიც ხშირია და ასეთ დროს, როგორც წესი, ბილეთებში გადახდილი საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია იღებს. კრის რის საქართველოში ჩამოყვანას და მისი კონცერტის გამართვას, შპს "ნიჯ გრუპი" უზრუნველყოფდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წერილობით მიმართა ბილეთების ონლაინ-გაყიდვის სერვისს TKT.GE-ს ბილეთების რეალიზაცია შეეჩერებინა, რადგან მათივე ინფორმაციით, "შემსრულებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კონცერტი დროებით გაუქმებულია".

 

 

შპს "ნიჯ გრუპის" დირექტორს ნოდარ კაკალაძეს განცხადებაში მითითებულ ნომერზე ვერ დავუკავშირდით. რაც შეეხება TKT.GE-ს, როგორც კომპანიაში გვითხრეს მსგავსი გამოცდილება აქვთ, კრის ნორმანის და ელტონ ჯონის გადადებულ კონცერტებთან დაკავშირებით, როდესაც გაყიდული ბილეთების თანხა, კონცერტების ორგანიზატორებს უკან ჩაარიცხინეს და მომხმარებლებს ანგარიშზე გადაურიცხეს.

 

მარიამ მორგოშია, TKT.GE-ს ორგანიზატორებთან ურთიერთობის მენეჯერი: 

 

"კრის რის კონცერტის ორგანიზატორის მოთხოვნით, ჩვენ ბილეთების გაყიდვა დაახლოებით ერთი კვირის წინ შევწყვიტეთ. კომპანიამ მოგვმართა ოფიციალური წერილით, რომ კონცერტი დიდი ალბათობით გადაიდებოდა და რომ ის იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს გაყიდული ბილეთები. TKT.GE ცდილობს ეს თანხები მიიღოს ორგანიზატორისგან და ჩვენივე მეშვეობით მოხდეს ამ ბილეთების თანხის დაბრუნება მსმენელისთვის. ჩვენ ელტონ ჯონის კონცერტზეც ასევე დავაბრუნეთ ბილეთების ღირებულება - ორგანიზატორს ჩავარიცხინეთ გაყიდული ბილეთების თანხა და ჩვენ დავუსვით ეს თანხა ანგარიშზე მომხმარებლებს, იგივენაირად მოხდა კრის ნორმანის კონცერტის გადადების შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაშიც გვსურს, რომ ჩვენს მომხმარებელს შევუქმნათ იგივე კომფორტი და ჩვენი მეშვეობით მოხდეს თანხის დაბრუნება" - გვეუბნება TKT.GE-ს ორგანიზატორებთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მორგოშია.

 

როგორც შპს "ნიჯ გრუპის" განცხადებაშია მითითებული, კომპანია სავარაუოდოდ დღეს გააკეთებს განცხადებას თუ რომელი რიცხვიდან მოხდება თანხების დაბრუნება და რა გზით. სპორტის სასახლე 5000-მდე ადამიანს იტევს და ბილეთების დიდი რაოდენობა გაყიდული იყო. კრის რის კონცერტის ბილეთების ფასი 65 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა.

 

ნინო წიფურია

 

მსგავსი ღონისძიებები
22 თებერვალს, ხუთშაბათს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო გელა ჩარკვიანთან, თემაზე - „მუსიკა ჩემს ცხოვრებაში“.
სხვა ივენთები
თბილისის არქიტექტურის ბიენალე მოხარულია უმასპინძლოს ცნობილ შვეიცარელ არქიტექტორს – პიერ დე მერონს.
სხვა ივენთები
გაიმართება საახალწლო მარში, ღონისძიების ბოლოს კი საზეიმოდ მოირთვება საახალწლო ნაძვის ხე.
სხვა ივენთები
20 სექტემბერს ინტერნაციონალური ღონისძიებათა სერია "PechaKucha Nights" უკვე თბილისშიც ჩატარდება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები