თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულება წარმოგიდგენთ 2017 წლის დამამთავრებელი კურსის შემოქმედებითი და სადიპლომო ნამუშევრების გამოფენას „LUMINE LUTUM“ (თიხის ნათება). ნამუშევრები ექსპონირებულია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის XIX საუკუნის ისტორიული შენობის სარდაფებში. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მეთოდითა და ტექნოლოგიით შესრულებული კერამიკული კომპოზიციები, ხოლო დამხმარე კომპონენტად გამოყენებულია ვიდეოარტი და პერფორმანსი.გამოფენის კონცეფცია მიზნად ისახავს თიხისა და ზოგადად მხატვრული კერამიკის ამოუწურავი, მრავალმხრივი უნივერსალური გამომსახველობითი თვისებების კიდევ ერთხელ ფართოდ წარმოჩენას. სრულიად განსხვავებული მხატვრული ხედვის მქონე ავტორთა ნამუშევრებისთვის ერთიანი ესთეტურ-კონცეფტუალური გარემოს შესაქმნელად და იმავ დროს ექსპოზიციაში ინდივიდუალური სივრცეების კონცენტრაციების წარმოსაჩენად ინტენსიურად გამოყენებულია შუქის ფაქტორი.სინათლის თამამი ორგანიზება მოცემული ექსპოზიციის ერთერთ დომინანტ ვიზუალურ სუბიექტს წარმოადგენს და საგამოფენო განათების თავისებური ექსპერიმენტის ხასიათს ატარებს.
ახალგაზრდა მხატვრების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები სრულად შესრულებულია სამხატვრო აკადემიაში ბოლო წლებში აღდგენილ კერამიკის სტუდია-სახელოსნოში და მათი უმეტესობის შესაქმნელად წარმატებით გამოყენებულია ადგილობრივი, ენდემური წარმოშობის თიხები. ახალგაზრდა არტისტების გამოფენის მოსაწყობი ადგილის არჩევანი განაპირობა თანამრდროვე ხედვებისა და ძველი გარემოს კონტრასტის შეპირაპირების სურვილმა, რაც დროისა და ჟამის მიღმა არსებული უძველესი საქმიანობის - კერამიკის ხელოვნების მარადიული აქტუალობის ხაზგასმას უწყობს ხელს. ამ არჩევანს ერთი სურვილიც თან ახლავს, უნიკალური არქიტექტურული ძეგლის - აბრეშუმის სახ. მუზეუმის შენობის ავარიული მდგომარეობის მიმართ კიდევ ერთი, მოკრძალებული მინიშნების გაკეთება. შენობის სასწრაფო რებიტაციის აუცილებლობაზე მეტყველებს წლების განმავლობაში დატბორილი სარდაფები, სწორედ ის ადგილი სადაც აღნიშნული გამოფენა ეწყობა.
01/12/2017- 10/12/2017 გამოფენის გახსნა:1 დეკემბერი, 19.00 -დან 21.00 საათამდე
მუზეუმია ღიაა:სამშაბათი - კვირა 11.00 - დან 18.00 საათამდე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი state silk museumთბილისი, გიორგი ცაბაძის ქ.#6