საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენაზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მისი ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები და ხელნაწერები. ექსპოზიციაზე ასევე იხილავთ მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქციას მისი ავეჯითა და პირადი ნივთებით. ექსპონატთა ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

გიგო გაბაშვილის შემოქმედება, მისი სწრაფვა რეალისტური ხელოვნებისკენ, თავისი მასშტაბითა და ბუნებით ერთგვარად მოულოდნელადაც კი გამოიყურება იმ პერიოდის ქართული მხატვრობის ფონზე. დიდი შემოქმედებითი დიაპაზონის მხატვრის ფერწერა თემატური მრავალფეროვნებით ხასიათდება: ბატალური ჟანრი, პორტრეტი, პორტრეტი-ტიპი, ქალაქის სცენები, პეიზაჟი და ნატურმორტი.

მნიშვნელოვანია გიგო გაბაშვილის მიერ გრაფიკის ტექნიკით შესრულებული სურათების სერიები. ეს სურათები ფანტაზიებითა და ალეგორიებით, რელიგიურ-მითოლოგიური თემატიკით, ცოტაც ეროტიკული ზმანებებითაა გამსჭვალული, რითაც მხატვრის ისედაც მრავალფეროვანი შემოქმედება სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება.

გიგო გაბაშვილის მხატვრული აზროვნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი ფოტონამუშევრები - ფოტოგრაფირებისთვის იყენებდა იმ დროისთვის უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს და წინასწარ, კინოკადრივით აგებდა კომპოზიციებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ფოტოკამერა მხატვარმა ილია ჭავჭავაძის დახმარებით შეიძინა.

უნდა აღინიშნოს გიგო გაბაშვილის კავკასიაში მოგზაურობა, სადაც შეაგროვა ეთნოგრაფიული მასალის უდიდესი კოლექცია. მხატვარმა მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედება საკუთარ ხალხს და ქვეყანას მიუძღვნა. მხატვრის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი, მისი ანდერძის თანახმად, მუზეუმს გადაეცა. გარკვეული ნაწილი კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.

მსგავსი ღონისძიებები
ექსპოზიცია ორ სივრცედ არის დაყოფილი. პირველი სივრცე ასახავს საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს.
გამოფენა
ფოტოგამოფენის ორგანიზატორები: საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“.
გამოფენა
იქნება 25 სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისა და ლეკვების გამოფენა.
გამოფენა
ნატურალური ქვების, მინერალების, კრისტალების და სამკაულის ახალი კოლექციის გამოფენა - გაყიდვას სახელად Crystal Spring, კაფე - სახელოსნო ტერაკოტაში.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები