საქართველო, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა კინოფესტივალის FILMKUNSTFEST ფოკუსში

  6 მაისს გერმანიის ქალაქ შვერინში კინოფესტივალი FILMKUNSTFEST გაიმართება, რომლის ფოკუსშიც საქართველო იქნება.

 

   საქართველოს, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენა თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ საქართველოს მიღებაზე დაიწყო. ამჯერად კი კულტურულ პროგრამას Filmpalast Capitol Schwerin უმასპინძლებს.

 

   1 მაისს პროგრამის საზეიმო გახსნაზე შვერინს მუსიკალური პროგრამით ქართული როკ ბენდი Young Georgian Lolitaz ეწვევა, 2 მაისს კი ნაჩვენები იქნება ქართული უხმო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი - კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია". 1929 წელს გადაღებული ფილმი სატირული კომედიაა, რომელიც ბიუროკრატიის წინააღმდეგ ილაშქრებს. ფილმის ჩვენებას შვერინში გარკვეულწილად კინო კონცერტის სახე ექნება, რადგან მას მუსიკალურად ცნობილი ქართველი პიანისტი - დუდანა მაზმანიშვილი გააფორმებს.

 

   ფესტივალზე წარმოდგენილი კინოპროგრამა Gastland Georgien (სტუმარი ქვეყანა - საქართველო) 25 ქართული ფილმისგან შედგება, რომელიც სრუმეტრაჟიან, მოკლემეტრაჟიან და საქართველოს შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებსაც აერთიანებს. რეტროსპექტივისთვის ფილმები გერმანულმა მხარემ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალთან ერთად შეარჩია.

 

   მაყურებელი იხილავს ბოლო პერიოდის ისეთ წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს როგორებიცაა: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი", ანა ურუშაძის „საშიში დედა", რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი", ზაზა ურუშაძის „აღსარება", გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", მარიამ ხაჭვანის „დედე" და სხვა.აღსანიშნავია, რომ პროგრამაში იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორის - ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი „ზამთრის სიმღერა".ქართული კინოკლასიკიდან ფესტივალზე ნაჩვენები იქნება გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი" და მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე". რაც შეეხება დოკუმენტურ ნამუშევრებს, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება უცხოელი კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებული ფილმები საქათველოს შესახებ.

 

   2 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით მოეწყობა Wolfgang Korall-ის ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „ქართული სული". ფოტოგრაფი საქართველოს 70-იან წლებში სტუმრობდა. 

ფესტივალის ქართული პროგრამა ლიტერატურასაც მოიცავს. თბილისში დაბადებული და ჰამბურგში მოღვაწე მწერალი ნინო ხარატიშვილი საზოგადოებას მის 2014 წელს გამოქვეყნებულ რომანს „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)" წარუდგენს.

მსგავსი ღონისძიებები
YELLOW PARTY -ზე გელოდებათ ბევრი თამაშები და საინტერესო პრიზები
ფესტივალი
4 დღის განმავლობაში ფესტივალის ვიზიტორებს მუსიკის გარდა  სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებიც შეეძლებათ  ჩართვა: ვორქშოფები, ზიპ-ლაინი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, იოგა, სამაგიდო თამაშები, ფერების ფესტივალი, და ა.შ.
ფესტივალი
დედაენის ბაღში გაიმართება შოკოლადის ფესტივალი, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შოკოლადის უფასოდ დაგემოვნებას.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები