5 დეკემბერს,19:00 საათზე, "მზიურის კაფეში" გაიმართება შეხვედრა წიგნის, "შემოვალ ეტლით" ავტორ შორენა ხუხუასთან.
ეს სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც 300-მდე ნაშრომს შორის ხალხის რჩეული გახდა.
”პალიტრა L-ის” მიერ გამოცემული წიგნის გარეკანი საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გააფორმა.
წიგნი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირის საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხება, ავტორმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა.
”ვარ შეუჩერებელი, ჯიუტი, პრინციპული. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი და ამიტომ სიცელქესაც მპატიობდნენ. 2009 წელს მომხდარმა ფაქტმა კი ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა. სახლში მივიჩქაროდი ჩემს შვილთან, რომ მუსიკაზე წამეყვანა. მაგვიანდებოდა, მაგრამ მას დავპირდი, რომ არ ენერვიულა და აუცილებლად მივიდოდი... თუმცა მე იმ დღეს ვერ მივედი. ჩემი სამყარო შეიცვალა და ხედვა დავიწყე ქვემოდან ზემოთ. მთელი ქვეყანა ზემოდან გიყურებს, ამ სიტყვის გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა სიბრალულით გექცევა, რაც ყველაზე უფრო მტკივნეულია. ყოველდღე საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ეს ჯერ საკუთარ თავთან უნდა შეძლო და მერე საზოგადოებაშიც გააკეთებ. ჩემი წიგნი არის პოზიტივი ყველა ადამიანისთვის, ძლიერისთვის, რომ თავისი ძლიერება გაიხსენოს, სუსტისთვის - გაძლიერდეს, ეტლით მოსარგებლისთვის - კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ის მარტო არ არის და ეტლში ჯდომა სამყაროს დასასრული არაა. მე ვფიქრობ, ჩემს წიგნს ეყოლება მკითხველი ყველა ასაკში და არა მხოლოდ საქართველოში”, - ამბობს კონკურსის გამარჯვებული შორენა ხუხუა, რომელიც გარკვეული პერიოდი ეტლით მოსარგებლე იყო.