ჰაკათონი #მედიაინოვაცია, სადაც თქვენი ინოვაციური იდეების განხორციელებას შეძლებთ

”ინოვაცია ონლაინმედიაში” - ასე ჰქვია მედია ჰაკათონს, რომელიც 22-24 დეკემბერს ”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში გაიმართება. ჰაკათონის მონაწილეები შეიმუშავებენ პროექტებს, იდეებსა და ტექნოლოგიურ რესურსებს, რომლებიც მედიას საქმიანობაში - კონტენტის შექმნაში, მის მონეტიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება. მონაწილეობა შეუძლია 2-4 კაციან ჯგუფებს, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური იდეა და მისი განხორციელების სურვილი გააჩნიათ.

ჰაკათონის ორგანიზატორია ”ინტერნიუსი - საქართველი” ”ინტერნიუს - ნეტვორქთან ერთად” და ის პროექტის ”დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში იმართება. ”ინტერნიუსი-საქართველოს” პროექტის დირექტორის მაია მიქაშავიძის განმარტებით, ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საინფორმაციო მედიასაშუალებებს, სტარტაპებს, საინიციატივო ჯგუფებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, დიზაინერებსა და ვებდეველოპერებს.

”ჩვენი ჰაკათონი არის მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც ინოვაციური იდეები და პროექტები გააჩნიათ. 3 დღის განმავლობაში მენტორები მონაწილე ჯგუფებთან იმუშავებენ და მათ იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარებიან. ჯგუფები მესამე დღეს მუშაობის შედეგს საკონკურსოდ წარადგენენ. ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომელთაც 4 500 დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემათ. ფულადი პრიზები საშუალებას იძლევა, რომ ქართულ მედიაში ინოვაციური იდეები განხორციელდეს და მას სარგებელი მოუტანოს. პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება,” - განმარტავს მაია მიქაშავიძე.

ჰაკათონის ფარგლებში გაიმართება გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიები და დისკუსიები, რომელსაც ღონისძიების მონაწილე გუნდები დაესწრებიან. გუნდებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება დახმარება მენტორებისგან, რომლებიც მედიის და ტექნოლოგიების ექსპერტები იქნებიან. სესიებზე მიღებული ინფორმაციისა და მენტორების დახმარებით, მონაწილეები გააუმჯობესებენ საპროექტო იდეებს და საკონკურსო ჟიურის წარუდგენენ გრანტის მოსაპოვებლად. ერთ-ერთი მენტორი იქნება ჟურნალისტი გიორგი გოგუა, რომელიც საქართველოში მედიაჰაკათონის ჩატარების იდეას მიესალმება.

”ზოგადად, ჰაკათონების კონცეფცია ძალიან საინტერესოა, რადგან ადამიანებს იდეების განხორციელების და კომპეტენტური პირების დახმარების მიღების საშუალება ეძლევათ. მედიაჰაკათონიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ტექნოლოგიური ინოვაციები, ახალი იდეების წარმოქმნა და განვითარება მედიაში აუცილებელია. თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციის გავრცელების ახალი გზების პოვნაა საჭირო, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ მკითხველი და მაყურებელი, მათთან ჩვენი იდეები უკეთესად მივიტანოთ,” - განმარტავს მენტორი გიორგი გოგუა.

”სილიკონ ველი თბილისი”, სადაც მედიაჰაკათონი იმართება, ტრადიციულად არაერთი ინოვაციური ღონისძიების მასპინძელია. ჰაკათონში მონაწილეობას „სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ. უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი ნინო ენუქიძე იმედს გამოთქვამს, რომ ჰაკათონის ფარგლებში შემუშავებული იდეები უპრეცედენტო იქნება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ - მსოფლიო მასშტაბითაც.

”მედიის ციფრულ ტრანსფორმაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ამას ეძღვნება მედიაჰაკათონიც და მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ეძლევათ. საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ შეიქმნება ისეთი პროდუქტი, რომელიც ინოვაციური და უპრეცედენტო იქნება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ - საერთაშორისო მასშტაბითაც,” - აღნიშნავს ნინო ენუქიძე.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 15 დეკემბერია. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ აღნიშნული ფორმის საშუალებით.

მსგავსი ღონისძიებები
ბიოლი ჰოლში არის არაჩვეულებრივი ხედები, საუცხოოდ მომზადებული განსაკუთრებული კერძები და სპეციალურად ბიოლის სტუმრებისთვის დამზადებული ბიო ღვინოები.
სხვა ივენთები
შემზარავი დრაკონისა და პატარა, ნაზი გოგონას მეგობრობასა და სიყვარულზეა ეს წიგნი, რომელიც ჯორჯ მარტინთან ერთად, ცნობილმა მხატვარმა ლუის როიომ თავგანწირვის დაუვიწყარ მხატვრულ ტილოდ აქცია.
სხვა ივენთები
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის - „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ლექციების კურსს აგრძელებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ტარდება.
სხვა ივენთები
“ყველას იცნობს”, “სადაც მიდის, ყველგან ნაცნობი ხვდება”, “2 წუთში აგვარებს ტელეფონით ყველაფერს”, “ყველაფრის საქმის კურსშია” ეს ფრაზები სწორედ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ახასიათებს, უფრო ზუსტად კი, სწორედ იმათ, ვისი სანაცნობო ქსელიც საკმარისად განვითარებულია.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები