16 ჩარლზ დიკენსის "ორი ქალაქის ამბავი" - პრეზენტაცია

სამშაბათს, 16 იანვარს, 19:00 საათზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" ჩარლზ დიკენსის რომანის "ორი ქალაქის ამბავის" პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ. წიგნის შესახებ ისაუბრებენ მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და რედაქტორი, მარი კორინთელი.

 

„ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“ - ეს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და ცნობილი დასაწყისია. ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ ყველა დროის უდიდესი რომანისტის მაგნუმ ოპუსია. ისტორიული ნაწარმოები დასავლური ცივილიზაციის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქზე, ლონდონსა და პარიზზე მოგვითხრობს, რომელთა წარსული, ამწყო და მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. 

უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების ფონზე, რომლებმაც მსოფლიო წესრიგი შეცვალეს, დიკენსი გენიალურად მოგვითხრობს დაუვიწყარი პერსონაჟების ცხოვრებას: უდიდესი სიყვარულის, დაუნდობელი შურისძიების, ერთგული მეგობრობისა და უანგარო თავგანწირვის ამბავს.

რევოლუციის ალში გახვეული საფრანგეთი, სასტიკი ბატონების წინააღმდეგ აჯანყებული სისხლმოწყურებული გლეხები და გილიოტინის ფიცარნაგზე მიმოყრილი არისტოკრატების თავები. როდის იქცევა სამართლიანი ჯანყი ბრბოს ბრმა და გაუაზრებელ შურისძიებად; როდის იცვლება სამართლის მოთხოვნა სიკვდილით დასჯის შეძახილებით და რა არის საჭირო, რათა სისხლით მორწყული ქალაქის ქუჩებში ისევ სიწყნარემ დაისადგუროს. 

რევოლუციური პარიზი დიკენსისთვის მორალურ დილემას წარმოადგენდა. ერთი მხრივ, მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი შემოქმედებით, ის ღარიბების ქომაგი იყო, მდიდრები კი მისი კრიტიკის სამიზნეს წარმოდგენდნენ, მეორე მხრივ, რევოლუციონერების სისასტიკეზე და ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში დაკარგული უდანაშაულო ადამიანების ბედზე მან თვალის დახუჭვა ვერ შეძლო. წიგნიც ზუსტად ამ დუალიზმით არის გაჟღენთილი. აქ ყველაფერს აქვს თავისი მეორე ნახევარი, რომელიც პირველის სიკეთეს ან ბოროტებას უკეთ ასახავს, ყველაფერ ახალს წინ ძველის სიკვდილი უძღვის, დიდ ცვლილებებს კი დიდი ტრაგედიები - „ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“.

 

ღონისძიების დროს წიგნის შეძენა 30 პროცენტიანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

მისამართი: ვაკის მედიათეკა, ჭავჭავაძის 76, ვაკის პარკი.

მსგავსი ღონისძიებები
ქართული საცეკვაო ხელოვნების სცენაზე გადასვლა ქართული თეატრის დაფუძნებას უკავშირდება.
სხვა ივენთები
20 სექტემბერს ინტერნაციონალური ღონისძიებათა სერია "PechaKucha Nights" უკვე თბილისშიც ჩატარდება.
სხვა ივენთები
პრეზენტაცია გაიმართება ქართულ ენაზე, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე.
სხვა ივენთები
წარმოდგენილი იქნება პროექტი „10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ და სტუმრებს შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ 23 ღვინის სახეობის ბრმა დეგუსტაციასა და ხმის მიცემაში.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები