კომპანია Funday Entertainment-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 30 ივნისს 14:00-ზე თბილისში ახალი, ორდღიანი ფესტივალი აიღებს სტარტს. პროექტი, რომელსაც საზოგადოება Funday Park-ის სახელით გაიცნობს, საწყის ეტაპზე ბინას დიღმის ტყე-პარკში დაიდებს და ქალაქის მაცხოვრებლებს დასვენებისა და გართობისთვის მრავალ აქტივობას შესთავაზებს, მომავალში კი რეგიონებსაც მოიცავს. პროექტის იდეა მრავალი წლის წინ გაჩნდა და მიზნად ისახავდა საქართველოშიც ყოფილიყო დასავლეთში აპრობირებული, მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განტვირთვას, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას, დასვენებას და გართობას. ძალიან მალე ეს იდეა განხორციელდება და თბილისელებს საშუალება ექნებათ ქალაქში მიიღონ ქალაქგარეთ გასვლასთან ასოცირებული სიამოვნება.
Funday Park მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე. ის ერთ სივრცეში მოქცეული მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით, სათავგადასავლო, ექსტრემალურ და გასართობ აქტივობებს.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო და სამკითხველო კუთხეები, საპიკნიკე ადგილი, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ და სხვ.
Funday Park საზაფხულო სეზონის ღონისძიებებს ეტაპობრივად დაანონსებს, მანამდე კი ფესტივალის გახსნაზე პოპულარული ქართული ბენდების კონცერტები გაიმართება. 30 ივნისს დიღმის ტყე-პარკში მისულ სტუმრების მუსიკალურ მასპინძლობას MokuMoku და Bedford Falls გაუწევენ, ხოლო 1 ივლისს - LOUDspeakers და The Killages.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ.