ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ წელს უკვე მეოცედ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 5 – 28 დეკემბერს, გაიმართება.
16 დეკემბერს სავიოლინო მუსიკის საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი დაუკრავს.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალი საკმაოდ წარმომადგენლობითია და მონაწილეობენ: მსოფლიოში აღიარებული პიანისტები: ევგენი კისინი და ბორის ბერეზოვსკი; გრემის მფლობელი მუსიკოსი, მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი; ბოროდინის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი;დანიელა კაპიელო (სოპრანო), დარიო დი ვიეტრი (ტენორი);ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“; შვეიცარიელი ორღანისტი რუდოლფ ლუტცი; იტალიელი ჯაზ-პიანისტის ანტონიო ფარაოს კვარტეტი. წლევანდელი საიუბილეო ფესტივალი ორ დიდ ქართველ ხელოვანს მიაგებს პატივს, Bravo Maestro! ცნობილ ქართველს მევიოლინეს, მარინე იაშვილსა და კომპოზიტორ სულხან ნასიძეს მიეძღვნება.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება.საიუბილეო ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.